#აღმოაჩინე თელავში მცხოვრები გრაფიკოსი-მხატვარი
თელავში რა დროსაც უნდა ჩახვიდე, მაინც ლამაზი გხვდება. პატარა ქალაქია დიდი ისტორიით. ერეკლე მეორეს აქ ყოფნა უყვარდა და სასახლე ააგო. დღეს ეს სასახლე მუზეუმია და არაერთი მხატვრის ტილოა გამოფენილი, მათ შორის წარმოდგენილია ქეთევან იაშვილის კოლექცია, რომელიც დაახლოებით 400 მილიონი ლარი ღირს.
ამ კოხტა ქალაქში კიდევ ერთი გრაფიკოსი-მხატვარი - ტატო გარაშვილი დაიბადა. მასზე დიდი გავლენა სწორედ თელავმა მოახდინა, სადაც ის დაახლოებით 200 წლის სახლში გაიზარდა. ოფორტები, ლითოგრაფია, ნახშირით ხატვა, მონოტოპია, ლინოგრავიურა, კედლის მხატვრობა, ხეზე კვეთა და ქანდაკება - ეს ახალგაზრდა მხატვრის მისწრაფებაა საკუთარ თავთან დიალოგის დროს.
"ხატვის დროს საკუთარ თავთან დიალოგი მაქვს. მხატვრობა ჩემთვის შინაგანი გამბედაობაა," - მეუბნება ტატო.
ის ბავშვობიდან ხატავს. აკვირდებოდა მცენარეებსა და ხედებს. ეს გართობადაც მიაჩნდა. მე-9 კლასში იყო, ძიუდოზე უარი რომ თქვა და ცხოვრება მთლიანად ხატვას მიუძღვნა. მუსიკაშიც ცადა ბედი. მეგობრებთან ერთად ჯგუფიც კი ჰქონდა.
"მონოტონური და ერთფეროვანი იყო ჩემი ბავშვობა. ამიტომ ძიება დავიწყე. მით უფრო, თელავში საკუთარი თავისთვის დიდი დრო გაქვს და მივადექი მხატვრობას. მივხვდი, რომ აქ ვიპოვე ჩემი თავი. სხვადასხვა ტექნიკის მხატვრობა ვცადე. ერთხელაც ნახშირით ხატვა აღმოვაჩინე. რთულია, მაგრამ უაღრესად საინტერესო პროცესია," - აღნიშნავს ტატო.
ყველაზე მეტად ბავშვობის ნახატები მოსწონს და ამას გულწრფელობით ხსნის.
"ბავშვობის ნახატები განსაკუთრებით მომწონს, რადგან მაშინ უფრო გულწრფელი და მხატვრისთვის საჭირო ცოდნისგან თავისუფალი ვიყავი. უფრო ლაღად ვახერხებდი ჩანაფიქრის გადმოცემას. მხატვრობა შინაგან სამყაროზეა დამოკიდებული, ინდივიდუალიზმზე გადის და ასეთ დროს ცოდნა და გამოცდილება, თითქოს, გზღუდავს და ბუნებრივობას ხელს უშლის," - ამბობს ტატო.
მის კოლექციაში ბავშვობისას დახატული უამრავი ნამუშევარია, რომლებიც კარადის ბოლო უჯრაში, თითქოს, საგანგებოდ აქვს გადამალული, იმდროინდელი ტატოს ფიქრებისა და დიალოგების სამახსოვროდ.
ბევრ თემას ნახავთ მხატვრის ნამუშევრებში. დიდი ნაწილი გრაფიკას ეთმობა. ტატოს ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება ლინოგრავიურაა. ეს ლინოლეუმზე ხატვის ხელოვნებაა და მან უკვე ამ ტექნიკით არაერთი ნამუშევარი შექმნა.
"მე დახატვის პროცესისთვის ვხატავ და არა გამოფენისთვის. შექმნის პროცესით ვიღებ სიამოვნებას," - სრულიად გულწრფელად ამბობს ტატო.
მისთვის ზამთარი ყველაზე უფრო გრაფიკულია და ხატვისთვის განსაკუთრებული დროა. და რადგან ზამთარიც მოდის, ტატო ახალ დიალოგს დაიწყებს საკუთარ თავთან, თელავთან, ხაზებთან და ამ ყველაფერს ნახატებში გადმოიტანს ნახშირით, ფუნჯით თუ საჭრეთელით.
გოგა ჩანადირი
"ლიკანთან“ ერთად აღმოაჩინეთ საქართველო საინტერესო ადგილებითა და ადამიანებით.
