აუცილებლად სანახავი პანკისი
წელს, ცნობილი მიზეზების გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენების მსურველები ვერსად გაემგზავრნენ. თუმცა ამ ერთი მხრივ შექმნილმა დისკომფორტმა მეორე, დადებითი მხარე გამოავლინა, რამაც საკუთარ საზღვრებში ჩაკეტილებს, ჩვენი ქვეყნის უკეთ შეცნობისკენ გვიბიძგა. ჩემი „ნიუსფიდი“ სავსე იყო საქართველოს სხვადასხვა მხარეში გადაღებული ულამაზესი ფოტოებით. რას არ ნახავდით იქ - თუშეთს, აჭარას, სვანეთს, რაჭას, სამეგრელოს, გურიას, კახეთს... ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე (და გასულ წლებში კიდევ უფრო მეტად) ტურისტულ აურზაურში ჩაეფლო... თუმცა, ამ მრავალფეროვნებაში არის ერთი დიდი ცარიელი ადგილი, გამოტოვებული და უსამართლოდ უგულებელყოფილი ულამაზესი ხეობა - პანკისი.
სხვა ბევრის მსგავსად, მეც არასდროს მომსვლია აზრად ხეობაში მოგზაურობა. ჩემთვის ეს მხარე უბრალოდ არ არსებობდა და მადლობა განგებას, რომ თუნდაც საქმიანი შეხვედრის გამო, მომიწია პანკისში ჩასვლა.
ხეობაში შესულს, თვალში მომხვდა საოცარი სისუფთავე, გაშლილი პეიზაჟები და მინდვრებში მობალახე ცხენები. პანკისში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ ეთნიკური ქისტები და სუნიტი მუსლიმები, რომელთაც მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ რეგიონებთან. 1990-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში რეგიონში მშვიდობა დაირღვა და უკანონო ქაოსმა დაისადგურა, რამაც პანკისის შესახებ სტერეოტიპი წარმოშვა და ხეობა ერთგვარ იზოლაციაში მოაქცია. სამწუხაროდ, ეს იზოლაცია დღემდე გრძელდება. ჩაწერეთ საძიებო სისტემაში სიტყვა „პანკისი“, რას გიჩვენებთ სისტემა? არაფერ კარგს. სტერეოტიპები, რომლებიც ხეობის ირგვლივ ჩამოყალიბდა, დღემდე საგრძნობლად აფერხებს მის განვითარებას.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს ქალებმა. გამორჩეულად ლამაზები, პირდაპირები, თავშეკავებულები, ბრძენები და, ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე, საოცრად თბილები. შეუძლებელია, ყურში არ მოგხვდეთ მათი ქართული. ასეთი სუფთა ქართულით მოსაუბრე ხალხი საქართველოს არცერთ კუთხეში არ მინახავს. ნელ-ნელა მივხვდი, როგორი ძალისხმევის ხარჯზე ცდილობენ ისინი ხეობის მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევას. მუშაობენ თავდაუზოგავად - ერთს საოჯახო სასტუმრო აქვს, მეორე ახალგაზრდებთან მუშაობს, მესამე კულინარიას ასწავლის და თითქმის ყველა მათგანი ოჯახს უძღვება. ეს ხალხი ერთხმად ამბობს, რომ ხეობის მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპის გამო პანკისის ძირძველი მოსახლეობა ძალიან წუხს. განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ ადგილობრივები ნაკლებად სტუმრობენ ხეობას მაშინ, როდესაც უცხოელების მხრიდან ინტერესი დიდია. ვუსმენდი მათ ნაამბობს და ყველა მითი ერთი მეორეს მიყოლებით იმსხვრეოდა, ქრებოდა და მათ ნაცვლად სირცხვილის განცდა ისადგურებდა.
პანკისი სამოთხეა ლაშქრობის მოყვარულებისთვის. ხეობიდან შესაძლებელია საცხენოსნო მოგზაურობა თუშეთში, ხევსურეთსა და უკანა ფშავში, საფეხმავლო და ველოტურები. ყველა ტურს გამოცდილი მეგზური უძღვება. აქ საოცარ გასტრონომიულ სამყაროში მოხვედრას გთავაზობენ - ადგილობრივი კერძები მრავალფეროვანი და უგემრიელესია (ძალიან საინტერესოა ვეგეტარიანელებისთვის), აქვე გაივლით სხვადასხვა მასტერკლასს: კულინარიულ, ფოლკლორულ, მეთუნეობის, თექის დამზადებისა და სხვ.
პანკისის ხეობა ჩვენი მრავალფეროვანი ქვეყნის ნამდვილი მარგალიტია და ის სამარცხვინო ლაქა, რომელიც არა მხოლოდ ხეობას, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას აზიანებს, ერთად უნდა ჩამოვირეცხოთ. პირველ რიგში, ჩვენ, საქართველოს მკვიდრებმა, უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, გადავლახოთ უხილავი საზღვარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არასწორი აღქმის ნაყოფია.
პანკისი ჩვენი ხეობაა. ჩვენ გვჭირდება მისი სიძლიერე, ჩვენს დებს და ძმებს კი - ჩვენი თანადგომა.
ვიმოგზაუროთ პანკისში.
ფოტოები - ნათელა გრიგალაშვილი
