ცასა და ზღვას შორის
„ეს ადგილი ოცნებაა, რომელიც არარეალური გეჩვენება, როდესაც აქ ხარ, მაგრამ წასვლის შემდეგ ხვდები, რომ ის მართლა არსებობს“.
ჯონ სტაინბეკი
ზღვა ნაპირიდან იწყება, ხმელეთიდან, რომელსაც მისი ტალღები სწვდება, გემის საყვირის ხმიდან, მებადურებიდან და მათი მზისგან გახუნებული ბადეებიდან, პატარა საზღვაო მაღაზიებიდან, სადაც ტილოს ჩანთები და მარილიანი ნიჟარებისგან აწყობილი სამკაულები იყიდება, სანაპიროს ფერადი ქოლგებიდან, დამსვენებელთა გარუჯული სახეებიდან, თევზის სუნით სავსე რესტორნებიდან, ტალღასავით მსუბუქი მუსიკიდან და მარინისტული პეიზაჟებიდან.
სწორედ ასეთია კამპანია, ტირენიის ზღვის სანაპირო ზოლი. აქაა ვეზუვის მთა, პომპეი და ჰერკულანუმი, სორენტოსა და ამალფის ულამაზესი სანაპიროები, კუნძულების – კაპრის, ისკიასა და პროშიდას მომაჯადოებელი ბუნება.
მრავლადაა გემები, ნავები, ბორნები, იახტები... მხიარული მეზღვაურები და გამცილებლები სანაპირო ზოლს მოგატარებენ, კუნძულიდან კუნძულზე გადაგიყვანენ. მხიარული მეზღვაურული შეძახილებით გაგამხნევებენ, საზღვაო კვანძის ოსტატურად გამოკვრასაც გასწავლიან და იახტის მართვასაც. მერე ზღვას მოშორდები და მაღლა ადიხარ. ზღვას რაც უფრო შორდები და რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო გრძნობ და ხედავ მის სილამაზეს... სწორედ ამ კლდეებზე შეფენილ არაჩვეულებრივ სოფლებში, თეთრი ქვისგან ნაგებ პატარა და კოხტა სასტუმროებსა თუ მწვანეში ჩაფლულ ულამაზეს ვილებში დასვენებაა ყველაზე მშვენიერი. შენს თავსზემოთ ცაა, ქვემოთ ზღვა, შუაში კი ტერასულად გაშენებული ლიმონის კორომები და ვაზი.
საუკუნეების წინათ აქ რომის იმპერატორები ისვენებდნენ, მერე ამალფის რესპუბლიკის პორტი იყო, ულამაზესი ქალაქი-ნავსადგური, მერე ომით დაღლილი ხელოვანების, მხატვრებისა და მწერლების მუზა თუ სიმშვიდის ჰავანა, ახლა კი ის ყველაზე პოპულარული კურორტია. ლეგენდის მიხედვით, ეს სივრცე თავად ზღვის ღმერთ პოსეიდონს შეუქმნია ნიმფა პაზიტას სიყვარულის ნიშნად, ხოლო შემდეგ უკვე ჰომეროსმა დაწერა, რომ სწორედ აქ მოუხმეს ოდისევსს სირინოზებმა.
აქ ნეაპოლიდან ჩამოვედი. ჯერ პოზიტანოში, სანტა-მარია-ასუნტის ეკლესიაში ვიხეტიალე, მერე ამალფის საუკუნოვან სახლებს შორის დაკლაკნილ მრავალსაფეხურიან კიბეს ავუყევი, ანაკაპრის კლდოვანი მწვერვალიდან დაუჯერებლად ლურჯ ზღვას გადავხედე, და საეკლესიო ზარებსა და ჩიტების ჭიკჭიკს შორის გაჩენილ სიჩუმეში ოდისევსის სირინოზთა სიმღერის ხმაც კი მომესმა.
ამ სანაპიროს აქვს თავისი ფერები. პიკასო აქ ქმნიდა თავის ტილოებს. აქაურობას აქვს თავისი ფილმები, რომლებსაც ცნობილი იტალიელი რეჟისორები ძეფირელი და ვისკონტი იღებდნენ, და რა თქმა უნდა, თავისი ხმები და მუსიკა, რადგან სწორედ პოზიტანოს ამ კაფეში, სადაც სადილობა გადავწყვიტე, როლინგ სთოუნზის წევრებმა მიკ ჯეგერმა და კით რიჩარდსმა დაწერეს სიმღერა „Midnight Rambler“. აქ უგემრიელესი სამზარეულოა.
მიმტანი საფირმო კერძს და რაღა თქმა უნდა, განთქმულ ლიმონჩელოს მთავაზობს, მაგრამ მე ჩანთიდან თბილისიდან წამოღებულ ლიკანს ვიღებ. ის ჩემი შეუცვლელი თანამგზავრია..
გვერდით მაგიდასთან მჯდომი იტალიელი მეცნობა და ადგილობრივ თქმულებაზე მიყვება. XIII საუკუნის ხატზე შავი მადონა. რომელიც თურმე მეკობრეებმა ბიზანტიუმიდან მოიპარეს და როდესაც ხმელთაშუა ზღვით მოჰქონდათ, საშინელი შტორმი ამოვარდა. სწორედ პოზიტანოსთან გაიგონეს ხმა: „Posa, posa!“ (დაბლა, დაბლა). შეშინებულმა მეზღვაურებმა ხატი გემიდან მეთევზეთა სოფელში გადაიტანეს და, რა თქმა უნდა, შტორმიც ჩადგაო.
სანაპიროზე მზე ჩადის. კაფეში Midnight Rambler - ის ჰანგები ისმის. სამყარო დიდია და ამავე დროს საოცრად პატარა. როცა მგზავრი ხარ და გზაც ასეთ ცასა და ზღვას შორის მოფარფატე ქალაქებზე გადის.
