#აღმოაჩინე - გიორგი ნიკოლავა, ფოტოგრაფი და მოგზაური სენაკიდან

ფოტოგრაფია თუ მოგზაურობა? ორივე.

ფოტოგრაფიამ შთააგონა მოგზაურობა. პირველი ფოტოაპარატი საქმიანობით ფოტოკორესპონდენტმა მამამ, 5 წლის ასაკში აჩუქა. დაშალა და ვეღარ ააწყო. მეორე აპარატი რამდენიმე წელში ჰქონდა და ფოტოების გამჟღავნება და დაბეჭდვაც ისწავლა. ზრდასრულ ასაკში უკვე პროფესიონალური აპარატი შეიძინა და ზურგჩანთაც აიკიდა. მოგზაურობა დაიწყო და მას შემდეგ შთაბეჭდილებებს საზოგადოებას ფოტოებით უზიარებს. ეს გიორგი ნიკოლავაა. მან უკვე მთელი საქართველო მოიარა. უყვარს მთიანი აჭარა. იქ მუდამ სიახლე ხვდება. ისტორიებსა და ლეგენდებს უღრმავდება და ასაკოვან ხალხს ესაუბრება. მისთვის მოგზაურობას ფოტოკამერის გარეშე აზრი არ აქვს, რადგან ნანახი აუცილებლად უნდა აღბეჭდოს. თანაც, ეს ძალიან კარგად გამოსდის.

„ხანდახან გადაღებებს ისე შევყვები ხოლმე, რომ დროსა და მანძილს ვერ ვგრძნობ," - ამბობს გიორგი. გადაღება-გადაღებაში ფეხით 20 კილომეტრიც კი გაუვლია.

გიორგი სენაკში ცხოვრობს. ამიტომაც, მის ნამუშევრებში სამეგრელოს დიდი ადგილი უჭირავს. აღბეჭდილი აქვს ამ კუთხის ყოფა, კულტურა და სილამაზე.

„ჩემთვის ფოტოგრაფია არის, საკუთარი თვალით დანახული სამყაროს სხვისთვის გაზიარება და სიყვარულის გაღვივება. მოგზაურობა კი ერთფეროვნებიდან გაქცევაა," - ამბობს გიორგი ნიკოლავა.

და რადგან გიორგისთვის ცხოვრება სილამაზე და მრავალფეროვნებაა, სულ გადაიღებს და იმოგზაურებს.

გოგა ჩანადირი

"ლიკანთან“ ერთად აღმოაჩინეთ საქართველო საინტერესო ადგილებითა და ადამიანებით.

#აღმოაჩინე - გიორგი ნიკოლავა, ფოტოგრაფი და მოგზაური სენაკიდან