მთა-თუშეთი არის ადგილი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ

მე ამაყი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში - ულამაზეს და ღვთისგან დალოცვილ ქვეყანაში, საკუთარი დამწერლობით, უდიდესი ისტორიით მდიდარ წალკოტში.
2018 წლის გვალვიანი ზაფხულის ერთ ლამაზ დღეს, ხუთმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, მთა-თუშეთი დაგვეთვალიერებინა. წინასწარ გამართული მანქანა ისევ შევამოწმებინეთ ხელოსანს. ვიყიდეთ პროდუქტი, გარდა ღორის ხორცისა. გაგვაფრთხილეს, მთა-თუშეთის გზას ვერ გაივლით, თუ ღორის ხორცს წაიღებთო. იქ ასე სწამთ და ჩვენც დავუჯერეთ. 72 კილომეტრი 7 საათში გავიარეთ, ცოტა შიშითა და ბევრი დადებითი ემოციით. მთა-თუშეთის ბუნება ნამდვილად ზღაპრული სილამაზით გამოირჩევა. 
 

გზაზე ყველა ღიმილით გვესალმებოდა. ადგილობრივი ტურისტები ერთმანეთს გზას ულოცავდნენ. შუადღის მიწურულს, ყველაზე მაღალ წერტილს მივუახლოვდით. იქ ეკლესიას აშენებენ და, წესის თანახმად, ყველა მგზავრმა ერთი ქვა უნდა აიტანოს. ცოტა შევისვენეთ, არწივების სამფლობელოში ყავაც დავლიეთ. შიში უკვე გადალახული გვქონდა, ამიტომ ისევ თამამად შევუდექით ხიფათით სავსე გზას. 
ცოტა ხანში, რეინჯერებმა შეგვაჩერეს, გზაზე ზვავი ჩამოწვა და იწმინდებაო. საღამოს 6 საათზე ზღაპრულად ლამაზ, ქვის კოშკებით მომღიმარ დართლოში ავედით.  სოფელი ტურისტებით იყო სავსე. ჩვენ მთის ყვავილებით მოფენილ გორაკზე გავშალეთ კარვები.
უჩვეულოდ ლამაზია ღამე მთაში. ამდენ ვარსკვლავს ცაზე ვერსად ნახავ, გარდა მთის სოფლებისა. თითქოს, ხელით ეხები ცის კიდეზე მოფენილ ვარსკვლავებს და სალ კლდეზე მორბენალ ჯიხვებს. ღამე შიშით იღვიძებ. გგონია, გაბრაზებული დათვის ხმა მოგესმა.
მთა-თუშეთი არის ადგილი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ. გული საგულედან ამოხტომას ლამობს სიხარულისგან, რადგან ამ მთების შვილად დავიბადე.
 

მთა-თუშეთი არის ადგილი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ