თუშეთი - გადაშლილი ზრაპრის წიგნი
მე მოგიყვებით ჩემი არაჩვეულებრივი მოგზაურობის შესახებ თუშეთის ზღაპრულ მთებში, რომელსაც წლები ვგეგმავდი ხან ჩემ საყვარელ ბუნების მოყვარულ მეგობრებთან ერთად, ხანაც ტურისტულ ჯგუფებთან... ბოლოს ვიფიქრე, მარტო წავალ ვინმე სანდო მძღოლთან ერთად მეთქი, რომ ინსტაგრამზე ამომიხტა „კერამიკული სტუდია 1300“-ისა და „აქთუშეთის რეზიდენციის“ ერთობლივი კერამიკული ვორქშოფის სარეკლამო პოსტი, ზედმეტად მიმზიდველი შეთავაზებით: 2-კვირიანი თიხის ვორქშოფი თუშეთში. გავუგზავნე ვორქშოფზე დასწრების სურვილი და ნამუშევრები, დამირეკა კერამიკოსმა და ახლა უკვე ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა მეგობარმა ჯიბუმ და მახარა, რომ მოვხვდი მონაწილეთა სიაში. გზის შიშიდან გამომდინარე, შემპირდა უსაფრთხო მგზავრობას ვინმე „მძღოლების ღმერთის“, ვაჟას წყალობით. თუშეთის გზა შეტანილია 10 ყველაზე საშიში გზის ნუსხაში და როცა ფოტოზე ვნახე, რა უნდა გამევლო, ქვეცნობიერი შიშისგან ელექტროსკუტერიდანაც კი გადმოვვარდი წინა დღეს. იქნებ ამ მიზეზით არ წავსულიყავი, მაგრამ საბოლოოდ ჯიბუს „ღმერთ მძღოლს“ მივენდე და ნამდვილად ყველაზე საშიშ გზას გავუდექი 9 უცნობ ადამიანთან ერთად.
ორი დელიკით მივდიოდით და გზაში ნელ-ნელა უფსკრულის სიმაღლე იზრდებოდა, ხან ჩანჩქერში გვიწევდა გავლა, ხან მემორიალურ დაფებთან და ჯვრებთან ჩავლა, ხან „ღმერთი ვაჟა“ წინასწარ ჩერდებოდა და მომავალ მანქანას როგორ ატარებდა ამ ვიწრო გზაზე, ვერ ვხვდებოდი. ისეთ სილამაზეში ავდიოდით, რომ ვიწრო და რთულად ასასვლელი გზა ნელ-ნელა მავიწყდებოდა, თან სულ სერპანტინი იყო და მინერალური წყალი „ლიკანი“ მქონდა ჩახუტებული. ბოლოს მთლიანად მომიცვა ამ საოცრების ყურებამ - მივხვდი, რომ თუშეთს არცერთი სილამაზე არ შეედრებოდა, რაც აქამდე მენახა.
ვგრძნობდი, როგორ ვუახლოვდებოდი ცას, ღრუბლებს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს და ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი ჩვენთვის, ადამიანებისთვის, რომ ბუნებისგან ის ბედნიერება, ის სიამოვნება მივიღოთ, რაც ამ თვალუწვდენელი მთების ყურებას შეუძლია. პირველი სამი დღე ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, ყველა მხრიდან მთებს ვხედავდი, თითქოს ამ მთის წვერებზე ადამიანის პროფილები იწვნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, მერე ყალიონს ეწეოდნენ, მერე იღიმოდნენ, მერე ვარსკვლავებს ყრიდნენ ციდან... ეს ილუზიები სინამდვილეს ისე ჰგავდა... დილით რომ ვიღვიძებდი, ნისლები ბოლივით ამოდიოდა და ახალი მითებით და ზღაპრებით დატვირთული დღე იწყებოდა. ქვემო ომალოს გაშლილ სივრცეში დილიდან ხან წერეწოების საკრეფად მივდიოდით ტყეში, ხან კარიერზე თიხის მოსატანად, ხან რეზიდენციის უსაყვარლეს მცველ ძაღლ ელფოს ვასეირნებდი ფოთლოვან და ნაძვნარ ტყეში. საღამოს ლექსო კოცონთან წერეწოებს გვიწვავდა, ზღაპრებს გვიყვებოდა, პატე თუშურ სიმღერებს გვიმღეროდა სიყვარულზე და ჩვენც ტკბილად გვეძინებოდა.
ყოველი დღე ახალი ზღაპრით იწყებოდა.
სოფელ შენაქოს შესასვლელში სარკე ეკიდა, შიგ უნდა ჩაგეხედა, მოწესრიგებულიყავი და სოფლის ჭიშკარი ისე შეგეღო. დიკლოში შეგეძლო ბეგქონდარას კრეფით დაღესტნის საზღვრამდე ჩასულიყავი. ისინი კლდის
ბორცვებქვეშ იმალებიან, მაგრამ თავისი არომატული სურნელით ადვილად მიაგნებთ. საზღვართან კლდეებზე ცოცვით
ასულს ზემოდან, სავარაუდოდ, ქორი გვიფრენდა და ქვემოთ უფსკრულის დანახვაც კი შეუძლებელი იყო ფოთლოვან ტყიან კლდეებში. თუშეთი ცნობილია ფარდაგებითაც -ირმით და ორი ლომით. თუშები ორნამენტებიანი ფარდაგებისთვის ბუნებრივ საღებავებს იყენებენ.
ტყეში მოგროვებული ხავსის, კაკლისა და კიდევ სხვა მცენარეებით ღებავენ მატყლისგან დართულ შალის ძაფებს და შემდეგ უშველებელ ხის ჩარჩოებს მიმსხდრები ცივი ზამთრის განმავლობაში ქსოვენ ჭრელ-ჭრელ ხურჯინებს, ფარდაგებს, ჯეჯიმიან ხალიჩებს.
დართლოში საყუდელმა კელიებმა კორონას არსებობა შემახსენა. ამ ერთკაციან საყუდლებში ცხოვრობდნენ შავი ჭირით დაავადებული თუშები, რომლებიც თვითიზოლაციაში ნებით მიდიოდნენ. დართლოში სახლებს სამკუთხედ სახურავებზე ერთი თეთრი ქვა იცავთ დემონებისგან.
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ფარსმას პეტროგლიფებიანმა კოშკებმა, წარმართული პერიოდის კუპრმა, ღობეების გარეშე სახლების ერთმანეთთან სიახლოვემ და საოცარი საფლავების ფორმამ მოახდინა, მთლიანობის განცდა იმდენად მძაფრი და სასიამოვნო იყო, რომ ბოლოს დავიკარგე. ბოლო კოშკის ერთ-ერთ ჩაყოლებულ პეტროგლიფზე გამოსახულია ცის და
მიწის გაყოფა, სამყაროს შექმნა ღმერთის ხელით.
ბეგქონდარას, თავშავას, ჟოლოს ჩაი პირველად ჯიბუ მასწავლებელმა „აქთუშეთის რეზიდენციაში“ დაგვალევინა ჩაის ცერემონიალზე. დეიდები გვიმზადებდნენ დამბალ ხაჭოს, ერბოსგან უგემრიელეს ხავიწს და კოტორს, რომელიც იმდენი ვჭამე, რომ არა ჩემი საყვარელი მინერალური წყალი „ლიკანი“, ვერ გადავრჩებოდი.
ასე მგონია, საკუთარ თავს ყველაზე დიდი საჩუქარი გავუკეთე ამ საოცრებასთან ზიარებით, თუშეთი გადაშლილ ზღაპრის წიგნს ჰგავს, საიდანაც ამოდიან დევები, თებჟოლიკები, გორაისხევლები, აღათოები და კიდევ უამრავი გმირები, რომლებიც თეთრ ნისლში გხვევენ და ცხოვრების
უმაღლეს ემოციებს გაზიარებენ.
