სვანური მანჰეტენი
მგონია რომ სამოგზაუროდ, საქართველოზე უკეთესი ქვეყანა, მსოფლიოში არ არსებობს.
სხვაგანაც ვყოფილვარ, მაგრამ საქართველო მაინც ერთადერთია, სადაც მოგზაურობა, არასოდეს მომბეზრდება.
ოდნავაც არ ვაჭარბებ და კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც ვმოგზაურობ საქართველოს გზებზე და ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს მომეწყინება ამ გზებზე უბრალოდ ხეტიალიც კი.
არადა იმდენად მდიდარი ქვეყანა ვართ (თუნდაც მრავალფეროვნების თვალსაზრისით), რომ არათუ მეზობელ კუთხეში, შეიძლება მეზობელ სოფელშიც კი, სრულიად განსხვავებული ტრადიციები, სამზარეულო და ფოლკლორი, ღვინო და წყალი, დიალექტი თუ ხასიათი აღმოაჩინო.
ამიტომაც ნებისმიერ კუთხეს, თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს და ყველგან მაქვს ჩემი საყვარელი თემა, რომელსაც განსაკუთრებული მონდომებით, უცხოელებს ვუყვები ხოლმე და მერე მათ რეაქციებს ვაკვირდები.
მაგალითად, რამდენჯერაც სვანეთში გიდი ვიყავი, იმდენჯერ წავიყვანე უცხოელები ღამის მესტიის სანახავად მდინარის მეორე ნაპირიდან, სადაც ფალიანების ეზოში ჯდები და თვალებს არ უჯერებ, ისე ჰგავს სვანური კოშკების კომპლექსი ნიუ-იორკის ცათამბჯენებს ოღონდ 2001 წლის 11 სექტემბრამდე - სანამ ტყუპებს ააფეთქებდნენ. მესტიაში კი რატიანების ტყუპი კოშკი ახლაც დგას და მართალია ას სართულიან კოშკებს აქ ვერ ნახავს ადამიანი, მაგრამ ნებისმიერს მაინც გააოცებს იმის აღმოჩენა, რომ ზოგიერთი სვანური კოშკი, ამერიკულ ცათამბჯენებთან შედარებით, ათი საუკუნით ძველია.
თუმცა სვანური მანჰეტენის ამბავს, ქართველებსაც სიამოვნებით ვუყვები და ვაჩვენებ ხოლმე და ისინიც უცხოელებივით პირდაღებულები რჩებიან და მგონი კარგი იქნება თუ საქართველოს შესახებ, გზამკვლევსაც დავწერ, რომელსაც შეიძლება პირდაპირ ასე ერქვას კიდეც - “პირდაღებული მოგზაურობა საქართველოში”.