სკვამ სამარგალო

რა უცნაური რამეა გაბატონებული ტურიზმი. მილიონობით ადამიანი დადის ამოჩემებული მიმართულებით წლიდან წლამდე და თითქმის არავის მოუვა აზრად, რომ გზიდან გადაუხვიოს და ტურისტულ არტერიას მიღმა დარჩენილი სივრცე ნახოს.

ან ვინ მოიფიქრა, რომ აუცილებლად კონკრეტული ისტორიული ან გეოგრაფიული ლენდმარქი უნდა მოინახულო? იქნებ რაიმე ჩანჩქერის ან ტბის დანახვას სოფლის პატარა გზებზე გაცუნცულებამ ამჯობინოს? უკვე ბევრი წელია მე და ჩემმა მეგობრებმა სვანეთის გზა ვისწავლეთ და ზამთარშიც და ზაფხულშიც ხშირად ავდივართ. ხშირად ვართ ანაკლიაშიც, ხან ვმუშაობთ, ხან ვგულაობთ, თუმცა რატომღაც ზუგდიდის გარშემო მიმოფანტულ ზურმუხტისებრი სოფლებისკენ ფეხიც არ გაგვიდგამს.

 მე წელს გამიმართლა, ერთ დილას ჩემს ტელეფონს დაეწერა “ჩუქჩას ძმა” და ქვემოთ “შემომავალი ზარი”. ვუპასუხე და აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრის, “ჩუქჩას” ძმა მიდიოდა ზუგდიდის სოფლების ტოპოგრაფიული რუკების გასაკეთებლად და მე მკითხა სურვილი ხომ არ გაქვს მომეხმაროო. ჩემს მოვალეობაში ლაზერის გასწორება, მისი ამრეკლი ხელსაწყოს დადგმა, ჯიპიესის ამოწერა და მერე კიდევ რაღაც რიცხვების ჩაწერა იქნებოდა. მივხვდი, რომ ეს ჩემი ერთადერთი შანსი იქნებოდა ცხოვრებაში, რომ ქვედა სამეგრელო კარგად დამეთვალიერებინა, ამიტომ დავთანხმდი. ერთი თვის განმავლობაში ზუგდიდის აბსოლუტურად ყველა სოფელში ვიყავით. უამრავი ეგზოტიკური ჟღერადობის ადგილი ვნახეთ და შევისწავლეთ: ორულუ, ოირემე, ჭაქვინჯი, ოქტომბერი, ნარაზენი. პირველად ვნახე ბევრი ის სოფელი, რომლის სახელები 90იანი წლების ახალი ამბების გამოშვებებიდან მახსოვს: ჯიხაშკარი, შამგონა, რუხი, ოტობაია… ამ სახელებიდან ერთი გატაცებას უკავშირდება, დანარჩენი კი აფხაზეთის და სამოქალაქო ომს, ამიტომ ძველი ამბების ჩამოთვლა დიდად არ მინდა, ისევ მირჩევნია სოფლის სილამაზეზე მოგიყვეთ. საბედნიეროდ საღამოობით ბოდიალის დრო მქონდა, საბედნიეროდ იმიტომ, რომ ჩამავალ მზეზე, რომელსაც წინ არაფერი ეღობება, ძლიერ (გვალე) ლამაზია (ანტიკას)  სამეგრელო (სამარგალო).

            ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მეგრული ოჯახის ცხოვრებაში არის ეზო. არ აქვს მნიშვნელობა ოჯახი შეძლებულია თუ არც ისე, ეზო უნდა იყოს დაახლოებით ვერსალის ბაღის დონეზე მოწყობილი და გასუფთავებული. ბანანის ხეები, პალმები, ციკასები, აგავები და სხვა ტროპიკული მცენარეეები თითქმის ყველა ეზოში შეგხვდებათ და ბაუნტის მოკბეჩისკენაც გიბიძგებთ. უამრავი მოწესრიგებული ეზოს ერთობლიობა გაძლევს მოწესრიგებულ სოფელს, მოწესრიგებული სოფლების ერთობლიობა გვაძლევს მოწესრიგებულ რეგიონს. წარმოიდგინეთ ყველა რეგიონი რომ ასეთი იყოს საქართველოში რა კარგი იქნებოდა.           

  სახლები ძირითადად ყველა ერთმანეთს ჰგავს - 90% საცხოვრებლებისა პარალელეპიპედია სტანდარტული სახურავით. მიუხედავად იმისა, რომ აქ თოვლი თითქმის არასოდეს მოდის, არსად გვხვდება ბანური გადახურვა და სახურავის მსგავსი ფორმით ათვისება. ეს ალბათ ლოგიკურიცაა, რადგან თანამედროვე საცხოვრისები, ტრადიციული ლაზური ოდის ფორმებს იმეორებს და მისი იდეის გადამღერებაა თანამედროვე საშენი მასალებით. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თითქმის ყველა დიდი სახლი ზუგდიდში, რომელოც  80იანი წლების ბოლოსკენ აშენდა, ენგურჰესის მშენებლობიდან გამოსული “ლევი” მასალებითაა მოკვარახჭინებული.

            “კუხნა” - როგორც დედამიწას მთვარე, როგორც ახალმოგებულ ფაშატს მისი კვიცი, როგორც დიდი დათვის თანავარსკვლავედში, ჩამჩის ყურის მეორე ვარსკვლავს დასდევს თან მცირე ვარსკვლავი, როგორც მამუკა დასდევდა კახის “დონ კიხოტში”, ასე დასდევს თითოეულ დიდ სახლს სამეგრელოში პატარა ერთგული “ქუხნა”. კუხნაში  მეგრული ოჯახი ატარებს თავისი ცხოვრების ძირითად ნაწილს, აქ კეთდება საჭმელი, ირჩევა სიმინდი, თხილი, აქ უყურებენ საინფორმაციოს, სერიალს, ზოგ შემთხვევებში იქვე სძინავთ, ხოლო დიდ სახლში მხოლოდ დღესასწაულებზე, ქორწილებზე, დაბადების დღეებზე და ჯვარი აქაურობას გასვენებებზე ადიან. როგორც ჩემი ურთელი მეგობარი (საუკეთესო!)  “ელფი” ამბობს, “სამეგრელოში არ აქვს მნშვნელობა როგორ და სად ცხოვრობ, მთავარია სხვებმა დაინახონ რომ არის საშუალება!”

            გეოგრაფიულად სამეგრელო და აფხაზეთი საქართველოს ყველაზე ევროპული რეგიონებია, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების სალმიანობის პროცენტულობაში. დასავლეთ ევროპელი ადამიანი ჩემთვის პირველ რიგში სალამთანაა ასოცირებული, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გიღიმის და გეუბნება “ჰელლოუ!”. ევროპელი რომ კვდებოდეს, ჯერ გაგიღიმებს და მოგესალმება და მერე გთხოვს დახმარებას. შედარებისთვის: უკვე 6 წელია მთაწმინდა-სოლოლაკის გასაყარზე, ერთ სახლში ვცხოვრობ და სადარბაზოში შემხვედრი მეზობლები დღემდე არ მესალმებიან, აი სამეგრელოში კი ყველა გიღიმის, გესალმება და შენს ამბავს კითხულობს. განსაკუთრებულად კარგი ხალხია მეგრელი ბავშვები, რომლებიც ყოველთვის პირველები მესალმებიან, მეცნობიან და მერე ფოტოსთვის პოზირებას იწყებენ.

სამეგრელოს სოფლებში ძალიან უყვართ სტუმარი. სოფლებში ბოდიალისას ბევრი ადამიანი გავიცანით, უკლებლივ ყველამ შეგვიპატიჟა და გაგვიმასპინძლდა. ძალიან რთული იყო 40 გრადუსიან სიცხეში 60 გრადუსიანი ხილის არყის დალევა, თუმცა ისეთი გულით იყო დასხმული, რომ მასზე უარის თქმა არ შეიძლებოდა. მეგრელი მასპინძლების სიხარული იყო ნამდვილი და ძალდატანებას მოკლებული. ის დრო გამახსენდა, როცა საქართველოში ტურიზმი არ იყო და უცხოელი ადამიანის დანახვა წმინდა გიორგის გამოცხადების ტოლფას მოვლენად ცხადდებოდა. შემდეგ ტურიზმმა ცოტა არ იყოს და გაგვაგულგრილა, ბევრ ადგილას პაპუტკაც კი არ გაგიჩერებს სულ მგლები რომ გჭამდნენ. ვუყურებდი ჩემს საოცარ მეგრელ მასპინძლებს და ვფიქრობდი, რომ მათი თანდაყოლილი საოცარი უნარების და სოფლების სილამაზის წყალობით, სამეგრელო შეიძლება აგროტურიზმის სამოთხედ იქცეს, თუმცა გვიღირს კი ამ ადამიანების დაკარგვა ამ ყველაფრად?

სკვამ სამარგალო